logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სოფიო ჭელიძე - ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარზე დადებითად იმოქმედა

NEXT-ის აღმასრულებელი დირექტორის სოფიო ჭელიძის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა, მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე, მათ შორის გარკვეულწილად საქართველოზეც, დადებითად იმოქმედა. 

"კრიზისის შემდეგ გაჩნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში კაპიტალის გატანის ტენდენციები, ვერ ვიტყვი რომ დიდი წილი იყო, მაგრამ გარკვეული პორცია წამოიღო საქართველომაც. ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, ეს პორცია საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა", - აცხადებს სოფიო ჭელიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

ამასთან, სოფიო ჭელიძე ამბობს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მოქნილი ეკოსისტემაა, რაც უცხოელ ინვესტორებს ქონების შეძენისა და გასხვისების პროცესს უმარტივებს. ამასთან, მიმზიდველ ფაქტორებს შორისაა საკანონმდებლო და საგადასახადო გარემო, ტრანზაქციების სიმარტივე და შედარებით დაბალი ბიუროკრატია.

"ევროპის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალბიუჯეტიანია და სტაბილური, არის საკმაოდ დიდ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული. საქართველოში ძალიან დაბალი ბიუროკრატიაა, ვადები ძალიან მოქნილი. მეეჭვება, ნახოთ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, ტრანზაქციები, ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული გართულებულია. რა თქმა უნდა გვაქვს შეხება სახელმწიფო ბიუროკრატიასთან, გააზრებული გვაქვს, რომ რეგულაციები და სხვადასხვა ტიპის ბარიერები სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული და ჩვენც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა, დეველოპერული კომპანიის დირექტორი რომ არ ვიყო, მაინც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები არის ძალიან მარტივი", - აცხადებს სოფიო ჭელიძე. 

გამოგვყევით