დასაქმების პორტალები სამუშაოს მაძიებელთა ბაზას აახლებენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა, ზაფხულში პასიურობის შემდეგ, ის ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ სექტემბრიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ.
„ბოლო 10 დღეა, ჩვენს ვებგვერდზე ყოველდღიურად 200-მდე ახალი სამუშაოს მაძიებელი რეგისტრირდება. მზარდია იმ პირების რიცხვიც, რომლებიც პორტალზე თავიანთ ძველ მონაცემებს აახლებენ. მათი რაოდენობა, დააახლოებით, 500-600 პირია. საბოლოო ჯამში, ამჟამად, HR.GE-ზე რეგისტრირებულია 151 ათასი სამუშაოს მაძიებელი “, - განმარტა ინგა შახბაზიანმა.
მისივე ინფორმაციით, იზრდება კომპანიების რიცხვიც, რომლებიც შრომის ბაზარს ახალ ვაკანსიებს სთავაზობენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დამსაქმებლების რაოდენობა დასაქმების მსურველთა რიცხვს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორის თქმით, მათ ბაზას ყოველდღიურად მხოლოდ 5-6 ბიზნესსუბიექტი ემატება, რომელიც ახალ კადრებს ეძებს.