საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-მეფისქალაქის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი (კმ9 - კმ20) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება დაბა კასპში ცენტრალურ მოედანზე და შემდეგ ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის, მხოლოდ დასაწყისში და ბოლოში არის მჭიდროდ დასახლებული უბნები. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება; მოეწყობა ტროტუარები და ახალი წყალგამტარი მილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდს; ასევე, მოეწყობა ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, კიუვეტები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე ჭები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 889 937 ლარით ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.