გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება. მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და კრიოსფეროს ფონდის მრჩეველმა რობინ ვუდჰედმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, მკვლევართა გაცვლას, ასევე საქართველოს ანტარქტიდის კვლევების სამეცნიერო კომიტეტში (SCAR) გაწევრიანების მხარდაჭერას.
“ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც კავკასიონის უნიკალური მყინვარები მდებარეობს, განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და ამ მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის გაღრმავება.
დღეს, როდესაც მსოფლიო დგას კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მყინვარების სწრაფი დნობის გამოწვევების წინაშე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მჯერა, ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ახალ, მასშტაბურ სამეცნიერო მიღწევებს“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
აღნიშნული ფონდი კრიოსფეროს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერაზე მუშაობს. ფონდთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გლაციოლოგიური კვლევების განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.