“საპენსიო ფონდის აქტივები სხვადასხვა რეგიონის, 9 500-მდე კომპანიის აქციებშია ინვესტირებული. - ამის შესახებ საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა "ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განაცხადა. ანა ნაჭყებიას განმარტებით, აქტივების დივერსიფიკაცია რისკების მართვის საუკეთესო გზაა.
“ჩვენ ვმართავთ სამ სხვადასხვა პორტფელს, ესენია: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. სადაც აქტივების განაწილება განსხვავებულია. ჩვენი მონაწილეების 99 % კონსერვატიულ პორტფელში რჩება. ამ პორტფელის აქტივების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% ადგილობრივ ბაზარზეა ინვესტირებული. საქართველოში ფინანსური ბაზრები განვითარების შედარებით საწყის ეტაპზეა. შესაბამისად, თანხები განთავსებულია საბანკო დეპოზიტებზე, სადაც განაკვეთები საკმაოდ მაღალია, 10-11 %-ის ფარგლებში მერყეობს, ასევე თანხები ინვესტირებულია სახაზინო ობლიგაციებში. მცირე წილი კი განთავსებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციებსა და ადგილობრივ კორპორატიულ ობლიგაციებში. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, აქტივების 20% ინვესტირებულია საზღვარგარეთ, აქციებში - დივერსიფიცირებულად, სხვადასხვა რეგიონის 9 500-მდე კომპანიაში.”-აღნიშნა ანა ნაჭყებიამ.
მისივე ინფორმაციით, დინამიკური პორტფელის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ არის ინვესტირებული და აქციების წილი აღნიშნულ პორტფელში 55%-ს შეადგენს. ხოლო ადგილობრივი აქტივების წილი - 45%-ა.
“ჩვენ ვართ ძალიან გრძელვადიანი ინვესტორი. როგორც იცით, ჩვენი მონაწილეა 1.5 მლნ საქართველოს მოქალაქე და მათი საშუალო ასაკი, 40 წელია. ეს გვაძლევს დაახლოებით ოცწლიან საინვესტიციო ჰორიზონტს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი ხედვით, რისთვისაც აქტივების დივერსიფიკაცია საუკეთესო გზაა რისკების მართვისათვის.”- აღნიშნა ანა ნაჭყებიამ.
ცნობისთვის , 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.7 მლნ-ს აჭარბებს. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 36 ათასამდე პირმა. აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 3 მილიარდ ლარს მიაღწია.
აგვისტოში საპენსიო ფონდის ორი პორტფელის, დაბალანსებულისა და დინამიკურის, შექმნიდან სამი წელი გავიდა. თავისი არსებობის პერიოდში ორივე პორტფელმა მნიშვნელოვნად მაღალი მომგებიანობა აჩვენა, რაც, ფონდის განმარტებით, დიდწილად, მათში საერთაშორისო აქციების მაღალ წილს უკავშირდება.