„ეფ ეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში ლუდის ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2025 წლის მონაცემებით ეს არის 141 მლნ ლიტრი, საიდანაც 16%- იმპორტირებულია. დანარჩენი კი ადგილობრივი წარმოებაა.
როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, გასულ წელს ქართულ ლუდის ინდუსტრიაში ორი მსხვილი კომპანიის შემოსვლის ფონზე, პროპორციულად იმპორტირებული ლუდის წილი შედარებით გაიზარდა.
„ორ ლუდსახარშში ორი ბრენდი ერთმანეთში გადანაწილდა. ამ ფაქტმა ადგილობრივი, ლიცენზირებული პროდუქციის წარმოების ზრდის ერთწლიანი შეჩერება და იმპორტით ჩანაცვლება გამოიწვია. 2026 წელი და 2027 წლის ნაწილი საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ადგილობრივი წარმოების ბუნებრივ მაჩვენებელს. ვინაიდან, ბოლო 15 წლის მანძილზე, საქართველოში ლუდის იმპორტი 10-12%-ზე მეტი არ ყოფილა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 16%-ზეა ასული.“- აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში პრემიუმ სეგმენტის ლუდის მოხმარება პროცენტულად გაზრდილია.
„აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაყიდვები გაგვიძვირდა. დისტრიბუციის და რეალიზაციის ფასების მატების გამო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოებული ლუდის ფასი, ინფლაციის გამო, უახლოვდება იმპორტირებული ლუდის ფასს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლარი მყარდება იმპორტირებული ლუდის ფასი ლართან მიმართებაში შემცირებულია.“-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
რაც შეეხება ქართული ლუდის რეალიზაციას საექსპორტო ბაზრებზე, „ეფ ეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით, მოცულობა მცირეა.
„ 1 მლნ -1.5 მლნ ლიტრის ფარგლებში „ნატახტარის“ ლუდი ექსპორტზე გადის. ისეთ ქვეყნებში, სადაც საქართველოს და ქართულ კულინარიას იცნობენ, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, ასევე ამერიკაში.“აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
გაცილებით მასშტაბურია საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი. „ეფ ეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ინფორმაციით მოთხოვნა ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება.
„საქართველოდან 160 მილიონი ლიტრი ლიმონათი გავიდა. ექსპორტს ჩვენ 25 ქვეყანაში ვახორციელებთ. მათ შორისაა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის ორივე სანაპირო, ბალტიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი. ასევე ბოლო პერიოდში უკრაინის ბაზარი დავიბრუნეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.