ბეტონისგან დამზადებულ სპორტულ ინვენტარზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ქართული კომპანია „ფიტროკი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებისთვის ემზადება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვიდან, ახალი ცემენტის გადამამუშავებელი დანადგარის ამოქმედების შემდეგ, წარმოების მოცულობის გაზრდას შეძლებენ.
დღეს კომპანია ყოველთვიურად საშუალოდ 900 წყვილ ბეტონის გირსა და ჰანტელს აწარმოებს. „ფიტროკის“ ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. მათი თქმით, ზრდას მომხმარებელთა რეკომენდაციებსა და ბრენდის ცნობადობის მატებას უკავშირებენ.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა თბილისის ბაზარზე ფიქსირდება, მომხმარებლები კი ქართველებთან ერთად უცხოელი დამკვეთებიც არიან. წარმოებული ინვენტარის წონა 5-დან 40 კილოგრამამდე მერყეობს და ფასი რკინის ჰანტელებთან შედარებით საშუალოდ 10-ჯერ დაბალია.
შეგახსენებთ, „ფიტროკი“ ბაზარზე ორ წელზე მეტია ოპერირებს. კომპანიის ცნობით, ახალი საწარმოო დანადგარის ამოქმედება წარმოების პროცესს გაამარტივებს და შესაძლებლობას მისცემს გაზრდილ მოთხოვნას უფრო სწრაფად უპასუხოს. სამომავლოდ კი რკინის სპორტული ინვენტარის წარმოების დამატებაც იგეგმება.
ნია ბაკურაძე