logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაზრის ზომის მიუხედავად, საქართველო Acer-ისთვის საინტერესო მიმართულებაა" - ოთარ შეყლაშვილი

„ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ფასების ფორმირება ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო საკითხია,"- ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Acer-ის რეგიონალურმა კომერციულმა დირექტორმა განაცხადა. როგორც  ოთარ შეყლაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ტექნიკის  ფასებზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას.

„ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორი ახდენს გავლენას ფასის პარამეტრზე. იქნება ეს გაზრდილი ღირებულება ტექნიკურ კომპონენტებზე, ვალუტის ცვლილება, ლოგისტიკური შეფერხებები, ეს ყველაფერი , ბუნებრივია, აისახება ფასში.  ხელოვნური ინტელექტის მზარდი დინამიკა დიდ წნეხს ახდენს მეხსიერების ბარათების, ჩიპების კომპონენტების მწარმოებლებზე. თუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას ეს, რა თქმა უნდა,  იწვევს ფასის ზრდას. არ ველოდებით რომ ეს წნეხი შემცირდება,  მაგრამ იმედი გვაქვს რომ ზრდის პარამეტრი დარეგულირდება.“-აღნიშნა ოთარ შეყლაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც ინდუსტრია ბოლო პერიოდის განმავლობაში დგას, ლოგისტიკური არაპროგნოზირებადობაა.

„ლოგისტიკაზე ჩვენ როგორც მწარმოებელს,  არანაირი გავლენა არ გვაქვს, ბოლო ხუთ წელში ეს კომპონენტი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი მიმართულება გახდა. თუ ადრე ჩვენს კომპანიას სხვების მსგავსად, ჰქონდა კონკრეტული მარშრუტი, რომლითაც ხდებოდა პროდუქციის ჩამოტანა,  ეს ყველაფერი შეიცვალა. ამასთან,  პრაქტიკამ გვაჩვენა რომ 2-3 დოლარით იაფად ჩამოტანილი პროდუქტი,  რომელიც იგვიანებს 2-3 კვირა, უფრო ძვირი უჯდება როგორც მწარმოებელს ისე ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს. ამიტომ პროგნოზირებადობა ჩვენთვის როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია.“-აღნიშნა ოთარ შეყლაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბაზრის ზომის მიუხედავად, საქართველო Acer-ისთვის საინტერესო მიმართულებაა.

“საქართველო არ არის რაოდენობრივად დიდი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველო არის უდიდესი მნიშვნელობის განსაკუთრებით ლოგისტიკური მიმართულებით. გეოპოლიტიკის მიღმა,  ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიურად ძალიან კარგად განვითარებული და ტექნოლოგიების მიმღებლობით გამორჩეულია, რაც ჩვენთვის , როგორც ტექნოლოგიური ბრენდისთვის, არის ძალიან კარგი პლაცდარმი სიახლეების წარმოდგენისთვის.  შეიძლება საქართველო არის პატარა, მაგრამ ის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა რეგიონში,”- აღნიშნა ოთარ შეყლაშვილმა.

 

გამოგვყევით