logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კანადური ბაზრის გააქტიურების იდეამ არ გაამართლა" - დილერები ახალ გამოწვევაზე საუბრობენ

კანადური ბაზრის გააქტიურების იდეამ არ გაამართლა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბოლო 2 თვეში, ამერიკულ აუქციონებზე ბიუჯეტური, მეორადი ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მსხვილმა ავტოიმპორტიორმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის მანქანების ჩამოყვანა კანადური ავტო აუქციონებიდან შეეთავაზებინათ.

„თუმცა, კანადის მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული პორტებიდან მანქანების გამოგზავნა აკრძალა. შედეგად, ავტოიმპორტიორ კომპანიებს მანქანის ტრანსპორტირება გაურთულდათ და ხარჯებიც გაეზარდათ“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

მისივე ინფორმაციით, აქ უმეტესად საუბარია ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომლებიც ამერიკულ აუქციონებთან შედარებით, კანადაში უფრო იაფი ღირს. თუმცა, ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდის გამო, მომხმარებელს აღარ უღირს მანქანის კანადიდან ჩამოყვანა.

„აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ავტოიმპორტი შემცირებულია როგორც კანადიდან, ისე აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან კი - გაზრდილია“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

მან ქართულ ავტოინდუსტრიაში არსებულ ზოგად სურათზეც ისაუბრა და თქვა, რომ მანქანების განბაჟების ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, დილერებს ავტომობილების რეალიზაცია უჭირთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტზე. მეტიც, ნონიაძის ინფორმაციით, დილერების ნაწილი დროებით ჩაეხსნა ამ საქმიანობას.

ცნობისთვის, მიუხედავად იმპორტის მაჩვენებლების კლებისა, მსუბუქი ავტომობილები 2026 წლის იანვარ-ივლისის თვეების მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები იმპორტირდა, რაც თითქმის 13%-ით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

გამოგვყევით