„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს.
„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, არქი ჯგუფს, ინვიას და საფირ ორგანიზაციას საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პროექტი The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.