logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბინები კიდევ გაძვირდება - "ფასების 6%-იან წლიურ ზრდას ველოდებით"

საკმაოდ აქტიური ზაფხული იყო და მოთხოვნა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ივლისის თვეში, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა.

„მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა. პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.

რაც შეეხება 2026 წლის 7 თვის მონაცემებს, როგორც Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გაზრდილია საცხოვრებელი ფართების ფასებიც და ბოლო მონაცემებით, პირველად ბაზარზე 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი - 1,426 დოლარს უტოლდება, მეორად ბაზარზე კი - 1,372 დოლარია.

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობას ელის შემოდგომის სეზონზეც და ამბობს, რომ  ტრანზაქციები სტაბილურად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

„რაც შეეხება პროგნოზს უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ფასების 6%-იან წლიურ ზრდას ველოდებით“, - აღნიშნა ოთარ ცუხიშვილმა.

მან იჯარის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი მაღალ დონეზეა შენარჩუნებული და კვადრატულ მეტრზე 10.1 დოლარს უტოლდება. ქირის ამონაგები კი 8.5%-ს შეადგენს.

გამოგვყევით