logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"არის ინდუსტრიები, სადაც ხელფასები 12-15%-ით გაიზარდა" - კომპანია Insource

არის ინდუსტრიები, სადაც ხელფასები 12-15%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია უმეტესად წინა ხაზის თანამშრომლებზე, მომსახურე პერსონალზე.

„ამ პროფესიებთან მიმართებით, იზრდება როგორც ფიქსირებული, ისე საბონუსე ანაზღაურება. თითქმის ყველა კომპანია ცდილობს, რომ შედეგების მიხედვით ანაზღაურების კულტურაც შექმნას“, - აღნიშნა კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა.

როგორც მედეა ტაბატაძე განმარტავს, ქვეყანაში ხელფასების გაორმაგება არ მომხდარა, თუმცა სამუშაო ძალის დეფიციტმა და საჭირო კადრებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ ბიზნესსექტორი აიძულა, რომ ხელფასები გაეზარდა.

„ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა, ამიტომ ეს ახდენს გავლენას ხელფასების მატებაზე“,  - აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.

რაც შეეხება სხვადასხვა მენეჯერულ და ადმინისტრაციულ პოზიციებს, აქ საშუალო დონის მოთხოვნაა, თუმცა Insource-ის მმართველი პარტნიორის თქმით, სამუშაო ძალა არც ამ მიმართულებით გაიაფებულა.

„მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვაში, მარკეტინგში, ფინანსებში, რამდენიმე თვის დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიებს აქაც უწევთ გაითვალისწინონ ბაზრის მოთხოვნები ხელფასებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, თუ ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებზე კონკურენცია და მოთხოვნა არის მაღალი და ამიტომ ზრდიან კომპანიები ანაზღაურებებს, მაღალ პოზიციებზე - ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე იღებენ ხელფასების მატების გადაწყვეტილებას.

გამოგვყევით