logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ცენტრალური უბნებიდან განვითარებამ გადაინაცვლა ფართო ცენტრში" - დარჩა თუ არა თბილისში მიწები ბინების ასაშენებლად?

დარჩა თუ არა თბილისში მიწები ბინების ასაშენებლად? - ეს არის შეკითხვა, რომელზედაც უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტებსა, თუ დეველოპერებს არაერთგვაროვანი პასუხი აქვთ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა, დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების ასაშენებლად მიწები კვლავ არის, მაგრამ თავისუფალი ნაკვეთების რესურსი ცენტრალურ უბნებში მკვეთრად შემცირებულია და სამშენებლო სექტორი ახალ რეალობაზე გადადის.

ოთარ ცუხიშვილის თქმით, დღესდღეობით, თბილისში ბინების მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. პირველი - ეს არის გარეუბნები და ახალი განაშენიანების ზონები.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცენტრალურ უბნებში მიწის რესურსი ძალიან მწირია და წლიდან წლამდე, გაცემული ნებართვების ფართობი მცირდება. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური უბნებიდან განვითარებამ გადაინაცვლა უფრო ფართო ცენტრში. მაგალითად, გასულ წელს ყველაზე დიდი მოცულობის ნებართვა მშენებლობაზე ისანში გაიცა. წელს ვხედავთ, რომ ნაძალადევის რაიონია გააქტიურებული ამ კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ საბურთალო დიდი ზომის უბანია - აქაც, შედარებით მაღალია გაცემული ნებართვების ფართობი და ასევე, ვხედავთ, რომ ნაფეტვრების მხარეს დაიწყო საცხოვრებელი უბნის განვითარება. გარდა ამისა, მიწის რესურსი ბუნებრივია უფრო დიდია გარეუბნებში, როგორიც არის - სამგორი, დიდი დიღომი, გლდანი და მუხიანი. შესაბამისად, ამ უბნებში, გაცემული ნებართვები ყოველწლიურად მაღალ ნიშნულზეა და აქ კიდევ ვხედავთ რესურსს, ახალი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.

თბილისში მშენებლობების განვითარების კიდევ ერთი მიმართულება ე.წ brownfield-ებია, რაც ურბანული ტერმინია და გულისხმობს მიტოვებულ, უფუნქციო, ან ამორტიზებულ ინდუსტრიულ და კომერციულ ობიექტებს. საქართველოში ამ კატეგორიის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილს საბჭოთა პერიოდის გიგანტური არქიტექტურული ნაშთები წარმოადგენს. ამიტომ, დეველოპერების ნაწილი აქტიურად ყიდულობს ყოფილი ქარხნების, საწყობებისა და ბაზების ტერიტორიებს, სადაც მასშტაბურ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებენ. მათ შორის არის კომპანია „არსი“.

„ჩვენი პროექტები გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ ძირითადად ე.წ brownfield-ებზე შევდივართ. ჩვენი პროექტების უმრავლესობა სწორედ ასეთი ტერიტორიების განვითარებას მოიცავს. ვგულისხმობ ძველი, საბჭოთა პერიოდის ამორტიზებულ ობიექტებს. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი გაფართოვდეს, გაიზარდოს და აუთვისებელ ტერიტორიებზე გაჩნდეს ახალი დასახლებები, თუმცა, თვითონ თბილისის შიგნითაც ვხედავთ პოტენციალს“, - განმარტა ბესო ორთოიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლება და ეს პროცესი დედაქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ბესო ორთოიძის თქმით, დღეს, თბილისში კორპუსების 70%-ზე მეტი მაინც ძველი საბჭოთა პერიოდის შენობებია, ამიტომ ეს ტერიტორიებიც დეველოპერებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების შესაძლებლობას ქმნის. 

გამოგვყევით