2030 წლისთვის დემენციასთან დაკავშირებულმა გლობალურმა ხარჯებმა შესაძლოა 2,8 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს.
2019 წელს ეს მაჩვენებელი 1,3 ტრილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
მსოფლიოში დემენციით 57 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 139 მილიონამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, მიიჩნევა, რომ დემენციის რისკის თავიდან აცილება ან მისი განვითარების გარკვეულწილად შეფერხება შესაძლებელია.
აღნიშნულ სტატისტიკას მსოფლიო მედია ალცჰაიმერის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელიც დღეს, 21 სექტემბერს აღინიშნება.
დემენციის მქონე 𝟓𝟕 მილიონზე მეტი ადამიანიდან ალცჰაიმერის დაავადება 𝟔𝟎–𝟕𝟎%-ს აქვს.
ალცჰაიმერი თავის ტვინის პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციების - მეხსიერების, აზროვნების, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი უნარების თანდათანობითი დაქვეითება.
უნდა მივაქციოთ ყურადღება შემდეგ სიმპტომებს:
მეხსიერების გაუარესება, განსაკუთრებით ახლახან მიღებული ინფორმაციის დავიწყება;
დროსა და სივრცეში ორიენტაციის გაძნელება;
მეტყველებისას საჭირო სიტყვების მოძებნისა და აზრის გადმოცემის გაძნელება;
ყოველდღიური, ჩვეული საქმიანობის შესრულებისა და გადაწყვეტილებების მიღების გაძნელება;
განწყობისა და ქცევის ცვლილებები, სოციალური ურთიერთობებისგან თავის არიდება.
აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის ალცჰაიმერის დაავადებაზე არ მიუთითებს, თუმცა მათი განმეორებისა და პროგრესირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნევროლოგთან დროული კონსულტაცია.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ნაცნობი ადამიანების ამოცნობა, საკუთარი აზრების გამოხატვა ან ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულება.
ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა, მშვიდი კომუნიკაცია, ადამიანის ღირსების პატივისცემა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ადრეული დიაგნოსტიკა და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა ხელს უწყობს დაავადების მართვას, სიმპტომების შემსუბუქებასა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას.
jandacva.ge