logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მესტიაში ბოლო პერიოდში არაბი ვიზიტორები გააქტიურდნენ - ვფიქრობ, ჩინელი ტურისტების რიცხვიც გაიზრდება" - "მთის ქოხები"

აზიელი ვიზიტორებისთვის სვანეთში დასვენება სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც მესტიაში მდებარე კოტეჯების კომპლექსის "მთის ქოხების" დამფუძნებელი ეკატერინე ჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ტურისტულ ზონაში არაბი ვიზიტორების ნაკადი მზარდია, რადგან აღნიშნულ სეგმენტს უცხო, განსხვავებული გარემო ძალიან მოსწონს.

ეკატერინე ჯაფარიძე ჩინელი ტურისტების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სეგმენტი, როგორც მაღალმხარჯველუნარიანი, ასევე დაბალმხარჯველუნარიანი მასისგან შედგება. 

"მესტიაში ევროპელი ტურისტები: ფრანგები, გერმანელები ხშირია, თუმცა ბოლო პერიოდში არაბი ვიზიტორებიც გააქტიურდნენ. აღნიშნულ სეგმენტს უფრო "ლაქშერი" დასვენება მოსწონთ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ჩვენთან ხშირად შეხვდებით. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ცოტა რთული, გლობალური თემაა. შემიძლია გითხრათ რომ  უცხო გარემო ძალიან მოსწონთ.

რაც შეეხება ჩინელ ტურისტებს,ისინი  მესტიას აქამდეც სტუმრობდნენ - ბევრი ჩინელი ტურისტი გვყოლია. ჩემი პროგნოზით, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული სეგმენტი მრავალმხრივია, კერძოდ როგორც მაღალმხარჯველუნარიანი ნაკადი, ასევე დაბალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები ჩამოდიან. "მთის ქოხები" 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არ გახლავთ, თუმცა გვსტუმრობენ და პირობებით კმაყოფილი არიან. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძლება, მობეზრებულიც აქვთ კიდეც... ვფიქრობ, სვანეთში უფრო მომხიბვლელი ადგილობრივ გარემოსთან უფრო მჭიდრო კავშირია", - აცხადებს ეკატერინე ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სვანეთში, მესტიაში, "მთის ქოხები" საბაგიროს გვერდით მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში 5 ხის კოტეჯი და კაფეა, თითოეული კოტეჯი ოთხ ადგილიანია.

გამოგვყევით