"სინომი რითეილი" მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას, მათ შორის, არსებული ობიექტების განახლებას და ახალი ბრენდების შემოყვანას, 2027-2028 წლებში გეგმავს. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განუცხადა, ბრენდების შემოყვანა მეტწილად სავაჭრო ცენტრების გაფართოებაზეა დამოკიდებული.
მისივე ინფორმაციით, "სინომი რითეილი" ახალი ბრენდების შემოყვანის საკითხზე მუდმივად მუშაობს, რადგან შესაძლებლობის გაჩენისთანავე კომპანია ახალი პროექტისთვის მზად იყოს.
"ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი სავაჭრო ცენტრები არ დამატებულა, 2027-2028 წლებში არის დაანონსებული დიდი პროექტები, მათ შორის, არსებული სავაჭრო ცენტრების გაფართოება და ჩვენც აღნიშნულისთვის 2026 წლიდან აქტიურად მოვემზადებით", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
მან ასევე, ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი კვლავაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
"ბაზარზე არა მხოლოდ კვალიფიკაციური, არამედ ზოგადად კადრების პრობლემაა. რითეილერებს შორის კვლავაც მწვავე კონკურენციაა იმაზე, თუ ვინ წაიყვანს საუკეთესო კადრს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რითეილ სექტორში ამ ეტაპზე უცხოელ კადრებს ვერ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. ამასთან ჩვენ შშმ პირები დავასაქმეთ ჩვენს ობიექტებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა უშუალოდ ამ ადამიანებისთვის და ასევე, ჩვენთვის დამატებითი რესურსის თვალსაზრისით. აღნიშნული კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და ამ მიმართულებით, მუშაობის გაგრძელებას აქტიურად ვგეგმავთ", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.