თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით სს „თელასმა“ ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ ააშენა. ქვესადგურის მშენებლობა 2024-2029 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განახორცილდა. გაწეული ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქვესადგური სემეკის წევრებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. ასევე, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაში.
ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით, მათ შორის ორი ძალოვანი ტრანსფორმატორით. ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტსა და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე ევროპული მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები, ასევე აშენდა 1400 მეტრი სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელეტროგადამცემი ხაზები. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია.
ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.