logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა: სინგაპურში ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოტენციალი

ნათია თურნავა: სინგაპურში ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოტენციალი

1795510080

სინგაპურში დასრულდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ქართული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ-ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე საქართველო წელს პირველად წარსდგა მასშტაბური პავილიონით, რომლის გახსნას სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი საგარეო და ეროვნული განვითარების საკითხებში ალვინ თანი დაესწრო. პავილიონზე წარმოდგენილმა ქართულმა ბანკებმა და ფინტექ კომპანიებმა საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი პროდუქტები, ციფრული მომსახურება და ინოვაციური გადაწყვეტები წარუდგინეს.

ფესტივალის ფარგლებში ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელზეც განხილული იყო ფინანსური სისტემის ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციები, ახალი ტექნოლოგიების როლი, მარეგულირებელი გარემოს მნიშვნელობა და ნდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ინოვაციური ფინანსური სერვისების განვითარებაში. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების გამოცდილება და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო.

ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან. მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარება განიხილეს. სინგაპურულმა მხარემ მზაობა გამოთქვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების დინამიკას და ქვეყნის პოტენციალს ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში.

ნათია თურნავა ასევე შეხვდა გერმანიის ბუნდესბანკის ციფრული ევროს მიმართულების გენერალურ დირექტორს, დოქტორ ალექსანდრა ჰახმაისტერს. შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული ევროს განვითარების მიმართულებით ცენტრალური ბანკების გამოცდილება და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.

ფესტივალის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა SWIFT-ის გენერალურ დირექტორთან, ხავიერ პერეს-ტასოსთან, რომელთანაც  არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

ნათია თურნავას განმარტებით, SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციას და ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე სებ-ის პრეზიდენტმა გერმანიის, ესპანეთის, დანიისა სლოვაკეთის და სინგაპურის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველ ვიცე პრეზიდენტთან დენ კაცთან ერთად, საერთაშორისო პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე ქვეყნების ფინანსური ეკოსისტემების განვითარების გამოცდილებას გაეცნო.

„საქართველოს ასეთი მასშტაბით მონაწილეობა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე  მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ჩვენი ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის. ქართულმა ბანკებმა და ფინტექ კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობები გლობალურ აუდიტორიას გააცნეს, ჩვენ კი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვის საშუალება გვქონდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალში ქართული დელეგაციის მასშტაბური მონაწილეობა ეროვნული ბანკისა და GFTN-ის პარტნიორობის გაგრძელება იყო. ამ პარტნიორობის ფარგლებში თბილისში უკვე ორჯერ ჩატარდა საერთაშორისო „თბილისის ფინანსური სამიტი“. მეორე სამიტმა დაახლოებით 60 ქვეყნის 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლა და რეგიონული ფინანსური კავშირების, ინოვაციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებას დაეთმო.

„სინგაპურში ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაწილეობა მხოლოდ ფესტივალით არ შემოიფარგლება. ჩვენ გავაღრმავეთ ინსტიტუციური ურთიერთობები, დავამყარეთ ახალი საქმიანი კონტაქტები და განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, რომლებზეც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ. GFTN-თან პარტნიორობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სინგაპურის საიუბილეო ფინტექ ფესტივალმა წელს, 142 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 940-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლა. 10 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი გლობალური ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრის ადგილია, სადაც განისაზღვრება ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ახალი მიმართულებები და ყალიბდება მომავლის ფინანსური ეკოსისტემა. ღონისძიება მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მარეგულირებლებს, ინვესტორებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს და ქვეყნებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საკუთარი ინოვაციური შესაძლებლობების წარმოჩენის უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საბანკო და საფინანსო დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე შედიოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი და ფინტექ ასოციაციის პრეზიდენტი დავით კიკვიძე.

გამოგვყევით