ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო უტიაშვილმა და ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დეკანოიძემ მალტაში გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში „ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს დაცვის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის დაცვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების, არსებული პრაქტიკისა და მოსახლეობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმების გაზიარებას.
"სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს მხარეს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს საერთაშორისო გამოცდილებასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეკომენდაციებს, რაც ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას შეუწყობს ხელს.
ეროვნული სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის, პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების გაძლიერებისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.