logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით

2026 წლის სექტემბერში, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, მოთხოვნა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის წლიური კლება გაგრძელდა. ფასი პირველად ბაზარზე მცირედით გაიზარდა, ხოლო მეორად ბაზარზე ორთვიანი სწრაფი ზრდის შემდეგ შემცირდა.

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,330 შეადგინა (+8.0% წ/წ), აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 2,163 შეადგინა (2026 წლის 9 თვეში +14.0% წ/წ). პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 2,167 შეადგინა (2026 წლის 9 თვეში +19.9% წ/წ).

საინვესტიციო ბანკის ცნობით, ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, პირველად ბაზარზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები წლიურად 26.6%-ით შემცირდა, რაც 2025 წლის სექტემბრის მაღალ ბაზითაა განპირობებული. 2026 წლის 9 თვეში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის 9 თვეში, თბილისში სულ 35,033 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+26.3% წ/წ).

2026 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების მიხედვით (აშშ დოლარი/კვ.მ) შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაკე: $3 332

საბურთალო: $1 770

კრწანისი: $1 690

დიდუბე: $1 509

ისანი: $1 422

ნაძალადევი: $1 314

სამგორი: $1 172

გლდანი: $1 156

დიდი დიღომი: $1 144

ვაშლიჯვარი: $1 111

2026 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.2%-ით გაიზარდა, 1,434 აშშ დოლარამდე (+6.7% წ/წ). მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი, ორთვიანი სწრაფი ზრდის შემდეგ, თვიურად 0.9%-ით შემცირდა და 1,387 აშშ დოლარი შეადგინა (+5.9% წ/წ).

გამოგვყევით