logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პლატფორმა eKalata-ს ახალი ფუნქციები დაემატება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკურ მონაცემთა ბაზების მართვის მენეჯერის, პაატა მეძველიას განცხადებით, ფასების შედარების პლატფორმა eKalata სავაჭრო ქსელებს შორის კონკურენციას ხელს უწყობს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სავაჭრო ქსელები საკმაოდ დიდ კონკურენტულ წნეხს განიცდიან.

„ჩვენ eKalata-ს „ფეისბუქ“ გვერდიც ჩავუშვით, სადაც მომხმარებელი არანაკლებ ორ სასურსათო პროდუქტზე განახლებულ ფასებს იხილავს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება როგორც არასასურსათო, ისე სასურსათო პროდუქტების ჯამური კალათის ღირებულებაც. ეს ინფორმაცია ყოველდღიურად განახლდება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები გვერდზე შევიდნენ და გამოგვიწერონ.

მე ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალს ხუთ საუკეთესო ფასს და ვხედავ, რომ ამ ხუთეულში წარმოდგენილი საცალო ქსელების რიგითობა იცვლება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საკმაოდ დიდ კონკურენტულ წნეხს განიცდიან“, - განაცხადა პაატა მეძველიამ.

მისივე თქმით, სააგენტო მომხმარებლების ინტერესებს მუდმივად ითვალისწინებს.

„უკუკავშირი შემოდის, თუმცა საკმაოდ ხშირად არა. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც მომხმარებლებისგან შეტყობინება მივიღეთ და მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. მათი მოთხოვნა სავაჭრო ქსელს გადავუგზავნეთ, მათ კი ასევე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება“, - აღნიშნა პაატა მეძველიამ.

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ პლატფორმაზე ონლაინ ვაჭრობის დამატებაც იგეგმება.

„ეტაპობრივად ვვითარდებით. თავდაპირველად 13 ქსელი გვყავდა, შემდეგ 23 გავხდით, მოგვიანებით დავამატეთ გეოლოკაცია და „ფეისბუქ“ გვერდი. გვინდა, მომხმარებელს ერთიანი სერვისი შევთავაზოთ. ონლაინ გაყიდვების დამატებაც გვსურს, რაც ძალიან კომფორტული იქნება, თუმცა ეს მარტივი არ არის. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვინდა, რომ სიახლე ახლო მომავალში დაინერგოს“, - განაცხადა პაატა მეძველიამ.

მისივე თქმით, პლატფორმის უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება.

„ეს პლატფორმა მომხმარებელს არა მხოლოდ უპირატესობას ანიჭებს, არამედ ორმხრივ სარგებელს ქმნის. თუ საცალო სავაჭრო ქსელებს ავიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და აქტიურობა, რათა მომხმარებელს მეტი შეთავაზება წარუდგინონ. მომხმარებელს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ხოლო ქსელები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან.

მაგალითად, რომელ ქსელშიც არ უნდა შევიდეთ, ერთი და იმავე პროდუქტის შეფუთვა შესაძლოა განსხვავდებოდეს. თუ შაქრის დაბალი ფასი დამატებით მომხმარებელს მიიყვანს რომელიმე ქსელში, დიდი ალბათობით, ის შაქართან ერთად სხვა პროდუქტებსაც შეიძენს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ორმხრივი სარგებელია. თავად ქსელების ინტერესშიც შედის მომხმარებელთა მეტი ჩართულობა. ისინი ამით არაფერს კარგავენ, რადგან პლატფორმაზე ჩართვა უფასოა.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე 16 ქსელია წარმოდგენილი, საიდანაც 15 ორივე მიმართულებით ოპერირებს. მხოლოდ ერთი ქსელია არასასურსათო პროდუქტების მიმართულებით“, - განაცხადა პაატა მეძველიამ.

მისი განმარტებით, პლატფორმაზე ჩართვა თავად სავაჭრო ქსელების სურვილზეა დამოკიდებული.

„23 პროდუქტი, რომელიც განსაზღვრულია, ყოველდღიურად უნდა ჰქონდეთ ატვირთული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომელ ქსელში რა ღირს კონკრეტული პროდუქტი. თუმცა, ქსელები შეზღუდულები არ არიან. გვაქვს სხვა კატეგორიებიც, როგორც არასასურსათო, ისე სასურსათო მიმართულებით, სადაც მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და ნებისმიერი ასორტიმენტის განთავსება შეუძლიათ“, - განაცხადა პაატა მეძველიამ.

ცნობისთვის, ფასების შედარების პლატფორმა eKalata-ს ოქტომბრის მონაცემებით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათა თვის განმავლობაში დაახლოებით 1.8%-ით გაძვირდა და 31 ოქტომბერს 36 ლარი და 46 თეთრი შეადგინა. თუმცა, ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე იგივე კალათის ღირებულება დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული.

გამოგვყევით