"გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციის ფონზე შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება. საქართველოსთვის კი მისი განვითარება დამატებითი სატრანზიტო ნაკადების მოზიდვასთან ერთად, ლოგისტიკისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესსექტორების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის,"- ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
ბერეკაშვილის ინფორმაციით, პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირსა და აზიას შორის ტვირთბრუნვა 2026 წლის ბოლოსთვის 820 მილიარდ ევროს მიაღწევს, ხოლო მომდევნო 14 წლის განმავლობაში შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული პოტენციური ინვესტიციები 55 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ბერეკაშვილის თქმით, ამ მასშტაბის ზრდა დერეფნის მონაწილე ქვეყნებისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შემთხვევაში, დამატებითი მოთხოვნა შეიძლება გაჩნდეს ტვირთების მომსახურებაზე, დასაწყობებაზე, ფინანსურ და სადაზღვევო სერვისებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე.
შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, მისი შეფასებით, აუცილებელია მონაწილე ქვეყნებს შორის პროცესების უკეთ კოორდინაცია. მათ შორის, მნიშვნელოვანია ლოგისტიკის გაციფრულება, სატარიფო წესების დაახლოება და ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის მოდელის შექმნა, რაც ტვირთების გადაადგილებას დააჩქარებს.
ბერეკაშვილის განცხადებით, დერეფნის განვითარება მხოლოდ ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას არ უნდა დაეყრდნოს. მნიშვნელოვანია საერთო სისტემის შექმნა, სადაც მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურა და მომსახურებები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული.
ნია ბაკურაძე