logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება" - თამარ იოსელიანი

"ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

თამარ იოსელიანის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.

"ჩვენ ამ ეტაპზე ვაღრმავებთ აკვატორიას 17.5 მეტრამდე იმისთვის, რომ ნავსადგურმა  2029 წელს მიიღოს ყველაზე დიდი ზომის და მსხვილტონაჟიანი გემები. ძალიან მნიშვნელოვანია ის განვითარება, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით გვაქვს. საუბარია  ლენდლორდის ((Landlord)  მოდელზე," -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, 2029 წელს  ქვეყანას ექნება  გაზრდილი სიმძლავრეები, რომელიც შექმნის ეკოსისტემას, დამატებით ღირებულებებს ნავსადგურის გარშემო და მოიზიდავს ინვესტიციებს.

“ამასთან, თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც მნიშვნელოვანია,  რომელიც ასევე უნდა განვითარდეს. ასევე ვმუშაობთ იმისთვის რომ მისასვლელი გზა ანაკლიამდე და რკინიგზა 2029 წლისთვის ოპერირებაში იყოს.ის ძირითადი მოდერნიზაცია, რომელიც დასრულდა საქართველოს რკინიგზაში და შესაბამისად, დაგვემატა ახალი სიმძლავრეები  ახალ გზასთან ერთად მოგვცემს ბევრად უფრო დიდ გამტარუნარიანობას. აქვე გამოვყოფდი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, სადაც გადაზიდვების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვაქვს, განსაკუთრებით ივნისიდან,”-აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“  (Landlord Port) მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

გამოგვყევით