ავტოიმპორტის სექტორში ახალი რეგულაციების ამოქმედების ფონზე, გაყიდვების მკვეთრი შემცირება ფიქსირდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა, სექტორის წარმომადგენლები გარკვეულ კლებას ელოდნენ, თუმცა რეალურმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი ინფორმაციით, ავტოდილერების მიმართულებით გაყიდვები 90%-ით, ფიზიკური პირების შემთხვევაში კი 65%-ით არის შემცირებული.
„ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, გაყიდვების შემცირებას ველოდებოდით, მაგრამ თუ ასეთი ვარდნა იქნებოდა, ამას ვერ დავუშვებდით“, - აღნიშნავს ირაკლი კუხიანიძე.
Carmark-ის დირექტორის განცხადებით, კომპანია ახალი რეგულაციების პირობებთან ადაპტაციას, მათ შორის ახალი ბაზრების მოძიებას, ცდილობდა. თუმცა, ამ პროცესს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მეორადი ავტომობილების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა ართულებს.
მისივე თქმით, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მიწოდება საკმარისი არ არის, რაც ავტომობილების ფასების ზრდას იწვევს.
ამასთან, პრობლემას ემატება ახალი ავტომობილების გაძვირებაც. კუხიანიძის შეფასებით, ავტომობილების წარმოების გაძვირების გამო აშშ-ში მომხმარებლები ავტომობილებს ძველებური სიხშირით აღარ ცვლიან, რაც, თავის მხრივ, მეორადი ავტომობილების ბაზარზე მიწოდების შემცირებაზე აისახება.
„7.5%-ით არის გაზრდილი მეორადი ავტომობილების ფასი ამერიკაში და 22%-ით არის შემცირებული მეორადი ავტომობილების მიწოდება”,- აცხადებს Carmark-ის დირექტორი.
მისი ინფორმაციით, 1-ელი აპრილის შემდეგ ამოქმედებულმა საბაჟო ტარიფებმა და ახალმა რეგულაციებმა, ამერიკის მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან ერთად, ქართველი ავტოდილერები კიდევ უფრო რთული გადაწყვეტილებების წინაშე დააყენა.
მისი თქმით, ბაზარზე მოქმედი დილერების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომობილების იმპორტისგან თავს იკავებს, რადგან არსებული პირობების ფონზე რისკების აღება უჭირთ.
„ჩემი დილერების 90% გაჩერდა, ახალი კანონის მიღების შემდეგ უკვე ვეღარ რისკავენ ავტომობილების ჩამოყვანას ‘, - აღნიშნავს ირაკლი კუხიანიძე.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან განბაჟების ახალი ტარიფები ამოქმედდა. კერძოდ, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.
თამთა ცერცვაძე