logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ირინა გორდელაძე: BARTA-ს მიზანი საქართველოში ანგარიშგების ხარისხის ამაღლებაა

მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში ირინა გორდელაძე აცხადებს, რომ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსის დაარსების მიზანი საქართველოში კომპანიების ანგარიშგების ხარისხის ამაღლებაა.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, კონკურსზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, განაცხადების მიღება კი 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.

„წელს ნომინაციების დამატება განპირობებულია იმით, რომ კონკურსის ორგანიზატორები წლიდან წლამდე ცდილობენ, BARTA უფრო აქტუალური გახადონ და ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს ფეხი აუწყონ. ასევე, ყოველწლიურად შემოაქვთ ახალი ნომინაცია, რომელიც მეტ კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა და მოიპოვოს ჯილდო“, - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისი განმარტებით, კომპანიებს ქულები ანგარიშგების სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით მიენიჭებათ.

„საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის“ ჯილდო შემოღებულია იმ მიზნით, რომ წაახალისოს კომპანიები, რომლებსაც BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ. „ხშირად ხდება, რომ ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ. ახალი კომპანიებისთვის უფრო რთულია კონკურსში შემოსვლა და ეს ჯილდო მათ წაახალისებს. რა თქმა უნდა, გაიცემა თუ არა ეს ჯილდო დამოკიდებულია ახალბედა კომპანიების მონაწილეობაზე. თუმცა, მხოლოდ მონაწილეობა საკმარისი არ არის -კომპანიებმა ანგარიშგების მაღალი ხარისხიც უნდა აჩვენონ“,- განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისი თქმით, კონკურსის პირველი ეტაპი განაცხადის წარდგენაა, რის შემდეგაც კომპანიების შეფასებას ჟიური იწყებს. „ხდება კომპანიების გაცხრილვა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ანგარიშგებებს ჟიური აფასებს, ენიჭება ქულები და საბოლოოდ გამარჯვებული კომპანიები ვლინდებიან. თებერვალში გაიმართება ცერემონია, სადაც ყველა მონაწილე კომპანიას მოიწვევენ და სწორედ იქ გამოვლინდებიან გამარჯვებულები“, - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისივე განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში კომპანიები მნიშვნელოვან აღიარებას მიიღებენ, რადგან BARTA-ს ჯილდო პრესტიჟულად მიიჩნევა.

„BARTA-ს კონკურსი ბევრი კომპანიისთვის არის შესაძლებლობა, გაიგონ, რა დონეზეა მათი ანგარიშგება. მაღალკვალიფიციური ჟიური, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, ანგარიშგებას აფასებს. ქულები გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია“, -განაცხადა ირინა გორდელაძემ.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გამოგვყევით