logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დავით აბესაძე: BARTA კომპანიებისათვის გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, დავით აბესაძის განცხადებით, BARTA მნიშვნელოვანი წამახალისებელი მექანიზმია კომპანიებისათვის, რათა მათ ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების კომპონენტებში მაჩვენებლები წლიდან წლამდე გააუმჯობესონ.

მან „ბიზნესპარტნიორის“ გადაცემაში BARTA-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც კონკურსში წლიდან წლამდე მონაწილეობენ, მომდევნო წელს უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

„BARTA-ს კონკურსის მთელი სულისკვეთება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებასა და კომპანიების ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, BARTA-მ ამ მიზანს მიაღწია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას მხარი უნდა დაუჭიროს. თავის სხვა ფუნქციებთან ერთად, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მანდატია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმოდგენილი ემიტენტი კომპანიების ბაზრის კომპანიებზე ზედამხედველობა. ეს კომპანიები ის სეგმენტია, რომელიც ყველაზე მეტად არის მოტივირებული და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალ სტანდარტს შეესაბამება. თუმცა BARTA მხოლოდ იმ კომპანიებისთვის არ არის, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არიან წარმოდგენილი. BARTA ყველა იმ კომპანიისთვისაა, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ანგარიშგება მოამზადოს. ეს ანგარიშგება კომპანიას ეხმარება ინვესტორებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და შემდგომ განვითარებაში. ანგარიშგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი კომუნიკაციას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს კომპანიის შესახებ ინფორმაციას აწვდის“, - განაცხადა დავით აბესაძემ.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს კონკურსის მხარდაჭერისთვის.

"მნიშვნელოვანია, კომპანიის ანგარიშგება ხარისხიანი იყოს. ხარისხს კი თავისი კრიტერიუმები აქვს და BARTA-ს კონკურსის ფარგლებში დაწესებული თითოეული ნომინაცია კონკრეტულ კრიტერიუმებს ეფუძნება. კონკურსის ფარგლებში არის დაწესებული კონკრეტული ნომინაციები, რომლებიც კომპანიებს წაახალისებს, განაცხადი შემოიტანონ. ეს მათთვის დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარი ანგარიშგების გაუმჯობესებაზე იზრუნონ. მიუხედავად იმისა, რომ BARTA-ს ძირითადი ნაწილი მდგრადობის ანგარიშგების კომპონენტზეა დაყრდნობილი, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მთლიანობაში უნდა იქნეს აღქმული. კომპანიებმა, როგორც ფინანსურ ნაწილში, ისე მმართველობითი ანგარიშგების კომპონენტში, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, წლიდან წლამდე მაჩვენებლები გააუმჯობესონ. ჩვენი გამოცდილებით, ეს გაუმჯობესება სახეზეა. კომპანიები, რომლებიც წლიდან წლამდე მონაწილეობენ BARTA-ში, ყოველ მომდევნო წელს უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ“, - განაცხადა დავით აბესაძემ.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გამოგვყევით