logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გლობალურ ბირჟებზე მკვეთრად გაძვირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ფონზე, ბიჟუტერიაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება"

ბოლო წლებში, გლობალურ ბირჟებზე მკვეთრად გაძვირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ფონზე, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, ყოველდღიურად მზარდია მოთხოვნა ბიჟუტერიაზე, ანუ არაძვირფასი მეტალებისგან დამზადებულ სამკაულებზე, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდ Enso Jewelry-ის დამფუძნებელმა, ნათია ტალახაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბიჟუტერიას ძვირფას მეტალებთან მიმართებით რამდენიმე უპირატესობა აქვს, თუმცა, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს ოქროსა და ვერცხლს.

„მიუხედავად ბიჟუტერაზე დღეს არსებული მაღალი მოთხოვნისა, ოქროს ის ვერასდროს შეცვლის. ორივეს აქვს თავისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ოქრო არის გრძელვადიანი, ღირებული პროდუქტი, რომლის ფასიც ყოველწლიურად მაღლა იწევს, ამიტომ საიმედო საინვესტიციო აქტივია, ბიჟუტერია კი - ყველასათვის ხელმისაწვდომი, ტრენდული და მრავალფეროვანი სტილია. მისი შეძენის შესაძლებლობა ყველა ბიუჯეტის მქონე ადამიანს აქვს. ის არის ერთგვარი გზა, რომ არ ჩამორჩე ტრენდს და ბიუჯეტურად შეიძინო ცნობილი ბრენდების კარგი რეპლიკა. ამასთან, შეგიძლია, მარტივად სცადო ახალი სტილი, გქონდეს ყველა სახეობის, ფორმის, ზომის, ფერის სამკაული და რაც მთავარია, არ გეშინოდეს დაკარგვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით კი - თინეიჯერებისთვის“, - აღნიშნა ნათია ტალახაძემ.

Enso Jewelry-ის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ მიმდინარე წლის ტრენდულ სამკაულებზეც ისაუბრა.

„ზოგადად, რაც არ უნდა იყოს ტრენდი, კლიენტი მაინც თავისი ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე ყიდულობს სამკაულს. თუმცაღა, შეიძლება ითქვას, რომ 2026 წლის ტრენდი მასიური, მოცულობითი აქსესუარებია, შემდეგი სლოგანით - ,,ბევრი არ ნიშნავს ზედმეტს ‘’. შუა საუკუნეების ესთეტიკა, სიმბოლიზმი, გეომეტრიული ფიგურებით შთაგონებული ფორმები - 2026 წლის მთავარი ჰიტია. ძალიან დასამახსოვრებელია ჟანა დ’არკის ჯავშნის სტილის სამაჯური.  ვცდილობ, ჩემი ბრენდი არ ჩამორჩეს ტენდენციებს და მომხმარებელს შესთავაზოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სტილი. დღეს, ადამიანები აღარ ყიდულობენ კონკრეტულ პროდუქტს, სამკაულს, ისინი ყიდულობენ სტილს და ემოციას. სწორედ ამიტომ, ვცდილობ, მომხმარებლამდე სწორად მივიტანო კონკრეტული სამკაულის ესთეტიკა, ვიზუალი და ემოცია“, - განმარტა ნათია ტალახაძემ.

მისივე თქმით, Enso Jewelry-ში მყიდველს ყველა სახეობის, მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეძენა შეუძლია, ესენია: საყურე,  ბეჭედი, ჩოკერი, სამაჯური, წელის აქსესუარი, კოჭის სამაჯური, გულსაბნევი და სხვა...

როგორც ნათია ტალახაძე ამბობს, ამ ეტაპზე, Enso Jewelry სამკაულების რეალიზაციას ონლაინ, საკუთარი სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენს. სამომავლოდ კი, ბრენდი საკუთარი სარეალიზაციო ობიექტის გახსნას განიხილავს, რომელსაც შოურუმის სახე ექნება. ამასთან, Enso Jewelry-ის გეგმებშია სამკაულების საბავშვო ხაზის დამატებაც.

გამოგვყევით