„ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენის წარმატებით დასრულება კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის და კონკურენციისთვის. წელიწად-ნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, მივიყვანეთ ბოლომდე" - ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარიგების შედეგად, ფაქტობრივად ხდება მესამე ბანკი, რომელიც ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მესამე ბანკი იყო ბაზარზე.
„ამ გაერთიანებულ ბანკს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ეს ჩვენ ცალ-ცალკე შეგვეძლო. ბაზისბანკი არ არის ჩემთვის უცხო ბანკი, რაც შეეხება ლიბერთის, ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის,რომ "ლიბერთი" მიგვეყვანა იქამდე, სადამდეც დღეს არის.
ჩვენ რომ ბანკი ვიყიდეთ, მთლიანი აქტივების ღირებულება ₾1.7 მილიარდი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი ₾6.5 მილიარდამდეა გაზრდილი. ბანკი შექმნილი იყო ფაქტობრივად ერთი პროდუქტის ირგვლივ,ჰქონდა მიკროკრედიტები და უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების. ეს საპენსიო სესხები იყო წარმოუდგენლად ძვირი - 70,100% -იანი წლიური განაკვეთით. ჩვენ მოვახერხეთ, რომ გაგვეკეთებინა დივერსიფიციკაცია და დღეს საპენსიო სესხები მთლიანი ბანკის სასესხო პორტფელში 10% -ს შეადგენს.
გარდა ამისა, ჩვენ პენსიონერებს შეუძლიათ სესხი სხვა ბანკშიც აიღონ, თუმცა, ამას ძირითადად არ აკეთებენ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი განაკვეთი საპენსიო სესხებთაან მიმართებით არის აბსოლუტურად საბაზრო და კონკურენტული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი და ჩვენი მენეჯმენტის,“-აცხადებს ირაკლი რუხაძე.
მისი ინფორმაციით, დღეს ლიბერთი ბანკში 5700 ადამიანი მუშაობს და ჰყავს 1.8 მილიონი მომხმარებელი, ეს კი ქვეყნისთვის, რომელსაც 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, დიდი მიღწევაა.
„ჩვენ საერთოდ გავდივართ,ანუ არ ვიტოვებთ საერთოდ წილს. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელიც მუდმივად უნდა აკეთებდეს ამას, უნდა ვიყიდოთ აქტივი, რაღაც მუდმივად გვქონდეს და შემდეგ გამოვყოთ ბაზარზე.
ჩვენ რომც ვერ მოგველაპარაკა ბაზისბანკთან, გავაგრძელებდით ამ ბანკის განვითარებას იქამდე, სანამ ვიღაც ახალი არ გამოჩნებოდა და იმ ფასს არ გადაგვიხდიდა რომელიც საინტერესო იქნებოდა. ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ და რაიმე სხვას ვიყიდით. ახალი პროექტები გვაქვს საქართველოში, რომლებიც ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ,"- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ცნობისთვის, ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.