logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე"

"ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე"

1776353138

„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე”, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

,,მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.

„ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმავოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

გამოგვყევით