ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, შუა დერეფანში ტვირთნაკადების ზრდა 2025 წელს საკმაოდ დიდი იყო და აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა გამტარუნარიანობის გაზრდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
"შუა დერეფნის მიმართ ინტერესი გაზრდილია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. საქართველოს მთავრობას შესაბამისი მწყობრი გეგმა აქვს თუ როგორ უნდა განავითაროს თავისი ძირითადი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ აღნიშნულ დერეფანში უალტერნატივო დარჩეს. ტვირთბრუნვა გაზრდილია, განსაკუთრებით საკონტეინერო მიმართულებას გამოვყოფდი, სადაც 17%-იანი მატება გვაქვს 2024 წელთან შედარებით და რეკორდულ მაჩვენებელს მოვემსახურეთ. ამ მიმართულებით ასევე გამოვყოფდი სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს, სადაც 14%-იანი მატება იყო. მნიშვნელოვანია შუა დერეფანში ჩინეთი, ყაზახეთი და უკუმიმართულებით გადაზიდული კონტეინერების მაჩვენებელიც, რამაც 33%-იანი მატება მოგვცა 2025 წელს.
მიმდინარე წელსაც ველოდებით ტვირთბრუნვის ზრდას. რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ტვირთნაკადებმა იმატა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კერძო სექტორთან ერთად, რომ გაზრდილ ტვირთნაკადებს მოვემსახუროთ და ეფექტური ტექნიკური რეგულირებით ვცდილობთ არსებული ნავსადგურების გამტარუნარიანობა გავზარდოთ", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
მანვე აღნიშნა, რომ ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოები აპრილის თვიდან აქტიურად დაიწყება და აღნიშნული პორტი ცალსახად გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს.