„პარლამენტის დროებითმა კომისიამ FMCG სექტორის 80-ზე მეტი წამყვანი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა საქართველოში, მათ შორის არიან როგორც მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. გავეცანით მათ ბიზნეს პროცესებს, საოპერაციო ხარჯებს, ფინანსურ მდგომარეობას და კაპიტალის სტრუქტურას. ასევე შევისწავლეთ შვიდი ევროპული ქვეყნის გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, კომისია აქტიურად მუშაობს გეგმაზე და შეიმუშავებს დასკვნას კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებითა და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს გახდის ძალიან კონკურენტუნარიანს და ეფექტურს.
„ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს, მათ შორის, ცვლილებების დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად და არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა.
ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება შევძლოთ აღნიშნული სექტორის მონიტორინგი, იმისთვის რომ მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები იყოს ჯანსაღი, არსებობდეს კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც სექტორს გახდის კონკურენტუნარიანს და წარმატებულს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.