საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლებში განხორციელებული ფლაგმანი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ კუთხით აქცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე გააკეთა.
„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. წლების განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების პროექტები, რომლებმაც გააძლიერა რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და გააღრმავა კავშირი ჩვენს რეგიონსა და ევროპულ ბაზრებს შორის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკული დაკავშირებადობის მომავალ, ფლაგმანურ პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ და „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს პროექტები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართან დააკავშირებს და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონისა და ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას.
„თითოეული ეს პროექტი განიხილება რეგიონულ ჭრილში და დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი განვითარება ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის ეკონომიკური მიმზიდველობის ზრდას. ამ მხრივ, ისეთ პარტნიორებთან გაძლიერებული თანამშრომლობა, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი, კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობების ძალისხმევა და საერთო სტრატეგიული მიზნები კიდევ უფრო წინ წაიწევს ბიზნესებს შორის მჭიდრო კოოპერაციითა და ამბიციური, ინოვაციური ინიციატივების განვითარებით, სადაც კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი ენიჭება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
წინანდალში მიმდინარე ფორუმზე სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობის საკითხები განიხილება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.