logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

მაია ომიაძე: 2026 წლის I კვარტალში ტურისტული ვიზიტები 4%-ზე მეტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ზე მეტით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სტრატეგიულ ბაზარზე, მიუხედავად გარკვეული ქვეყნებიდან კლებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა.

„გერმანიიდან გვაქვს 37%-ზე მეტი ზრდა, პოლონეთიდან — 34%-ზე მეტი, ბრიტანეთიდან — 45%-ზე მეტი, საფრანგეთიდან — 24%-ზე მეტი. ჩინეთიდან 48%-ზე მეტი ზრდაა, ხოლო აშშ-დან თითქმის 19%-იანი მატება,“ — განაცხადა ომიაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აზიის სხვა ქვეყნებიდანაც. 

„აღსანიშნავია კორეა — 67%-იანი ზრდით და შვეიცარია — თითქმის 34%-იანი ზრდით, რაც აჩვენებს, რომ ყველა სტრატეგიულ ბაზარზე, სადაც აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს დაგეგმილი შედეგები", - აღნიშნა მაია ომიაძემ. 

ომიაძე ზრდას უკავშირებს როგორც მარკეტინგულ კამპანიებს, ისე ავიაციის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს.

„აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან, ხდება პირდაპირი რეისების დამატება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის დივერსიფიკაცია", - აცხადებს მაია ომიაძე. 

მისივე თქმით, რეგიონში არსებული ომის ფონზე გამოწვევების მიუხედავად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაინც ფიქსირდება ზრდა.

„პირველი კვარტლის მონაცემებით, ყურის ქვეყნებიდან გვქონდა 8.2%-იანი ზრდა. ამასთან, გარკვეულ ბაზრებზე კლება მაინც დაფიქსირდა.ინდოეთიდან 29%-იანი კლება გვაქვს, ისრაელიდან — 17%, ხოლო ირანიდან ვიზიტები 48%-ით შემცირდა", - აღნიშნა მაია ომიაძემ. 

ავიამიმოსვლის მიმართულებით ომიაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს ეტაპობრივი აღდგენა. 

„მიუხედავად არასრული დატვირთვისა, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან ფრენები კვლავ ხორციელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიხშირეების გაზრდაზე, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის სეზონი პოზიტიური იქნება", - განაცხადა მაია ომიაძემ. 

გამოგვყევით