ტურისტული კომპანია „რადარის“ დამფუძნებლის, მაია მახათაძის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე კრიზისმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა. გაუქმებულია ჯავშნების დიდი ნაწილი იმ ქვეყნებიდან, სადაც ვითარება ყველაზე დაძაბულია, მათ შორის ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან.
"დღეს ასეთი ინფორმაციაც მივიღეთ, რომ თვითონ გალფის ქვეყნების კომპანიები, რომლებიც ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობაში არიან საკმაოდ დიდი ხანია, ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმშიც კი გადავიდნენ და თავიანთი ოფისები დროებით დახურეს", - აღნიშნა მაია მახათაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მაია მახათაძის განცხადებით, სექტორი ახლა კრიზისის სწრაფად დასრულების მოლოდინშია, რადგან ტურისტული ინდუსტრია აქტიური სეზონის დაწყების ეტაპზე იმყოფება.
"რა თქმა უნდა, იმის მოლოდინში ვართ, რომ ეს კრიზისი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ახლა აღმავალი სეზონის ეტაპზე ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის კრიზისული მდგომარეობიდან აქტიურად უნდა გამოვდიოდეთ და ვემზადებოდეთ სეზონისთვის", - აცხადებს მაია მახათაძე.
მისივე თქმით, საერთო უარყოფითი ტენდენციის მიუხედავად, არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც ჯავშნები არ გაუქმებულა.
"იყო რამდენიმე ნიშა, რომელმაც შეინარჩუნა ჯავშნის ტემპი, არ გაუუქმებიათ ჯავშნები და პირიქით, აქტიურად შემოვიდნენ ჩვენს სასტუმროებში. ეს არის სპორტული მიმართულება — სპორტული შეჯიბრებების ჯგუფები. მაგალითად, ძიუდოსა და ფარიკაობის ჩემპიონატებზე დადასტურებული ჯავშნები ფაქტობრივად არ გაუქმებულა", - აცხადებს მაია მახათძე.
მაია მახათაძე აღნიშნავს, რომ სპორტულმა ღონისძიებებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი სასტუმროების დატვირთვაში.
„ეს მიმართულება ძალიან აქტიური იყო და დიდი გავლენა მოახდინა მსხვილ სასტუმროებზე, რომლებიც კარგად არიან ადაპტირებულები სპორტულ ღონისძიებებზე", - აღნიშნა მაია მახათძემ.