logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას"

"ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას"

1772085057

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ინოვაციურ სტატუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.

„წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ, სტარტაპ ინოვაციების ეკოსისტემის გასავითარებლად, არაერთი მხარდამჭერი მექანიზმი შემოიღო ქვეყანაში. შესაბამისად, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საჭირო გახდა ეს ყველაფერი სამართლებრივად ავსახოთ და განვსაზღვროთ, რას გულისხმობს ინოვაციური სტარტაპი. შემდგომ კი მასზე დავაშენოთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამები, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, სააგენტომ მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი განიხილა და შეისწავლა. საბოლოო ჯამში კი ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლითაც ქართულ კომპანიებს ენიჭებათ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.

„სავალდებულო მექანიზმის მიხედვით, კომპანიას კვალიფიციური ინვესტიცია უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მასში ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული ან აქსელერატორს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მინიმუმ 150 ათასი ლარის ოდენობით, ან თავად ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტიციას დებს მხოლოდ და მხოლოდ ინოვაციურ სტარტაპში. გარდა ამისა სტარტაპმა უნდა დაასაბუთოს ინოვაციურობა, რომელსაც ჩვენი კომისია განიხილავს. სტატუსის მიღებამდე და მიღების შემდგომაც მუდმივ მონიტორიგში იქნება მისი შემოსავლები და ხარჯები არსებითად დაკავშირებული არის თუ არა ინოვაციურ საქმიანობასთან. საერთო ჯამში ძალიან რთული პროცესია, ამიტომაც არის, რომ ჯერ მხოლოდ 4 სტარტაპს აქვს მიღებული, თუმცა მიმდინარე ეტაპზე 20-ზე მეტი განვიხილეთ და უახლოეს  პერიოდში კიდევ რამდენიმე სტარტაპი მიიღებს აღნიშნულ სტატუსს. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ავთანდილ კასრაძემ ასევე ისაუბრა ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს უკვე გადარჩეული და აღიარებული ინოვაციური სტარტაპებისთვის შეთავაზებების განსაკუთრებული პირობებით მიწოდებას.

„სახელმწიფოს მხრიდან დახმარება უნიკალურია, რადგან საშემოსავლო გადასახადი, რაც სტარტაპისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, სრულად განულებულია პირველი სამი წლის განმავლობაში როგორც არ უნდა გაეზარდოთ საწარმოო ბრუნვა“,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

GITA-ს თავმჯდომარემ სტატუსის შეწყვეტის პირობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ სხვა საქმიანობა დაიწყო და არა ინოვაციური მიმართულება, ავტომატურად შეუწყდება სტატუსი.

გამოგვყევით