logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ამ მოწყობილობის დახმარებით, უსინათლოები შეძლებენ სხვადასხვა ფორმატში წიგნების წაკითხვას" - accessAT ახალ პროდუქტზე მუშაობს

სტარტაპი accessAT, რომელმაც უსინათლო პირებისთვის პირველი ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი შექმნა, ახალ ინოვაციურ მოწყობილობაზე მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  accessAT-ის დამფუძნებელმა დავით ბიბილეიშვილმა  განუცხადა, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა უფრო მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე, რომელიც ბაზარზე მალე გამოჩნდება.

„ამ მოწყობილობის დახმარებით, უსინათლოები შეძლებენ სხვადასხვა ფორმატში წიგნების წაკითხვას, ხმის ჩაწერას, ინტერნეტთან დაკავშირებას და ა.შ“, - განმარტა დავით ბიბილეიშვილმა, accessAT-ის დამფუძნებელმა.

მან უსინათლო პირებისთვის ქართულენოვანი,ხმოვანი მაჯის საათის გაყიდვების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია.

„1 კვირაა, რაც რეალიზაციაში ჩავუშვით ჩვენი საათი და საკმაოდ კარგად იყიდება. ამჟამად, საათის შეძენა მომხმარებლებს ონლაინ, accessAT-ის სოციალურ პლატფორმაზე შეუძლიათ და მისი ღირებულება 150 ლარს შეადგენს. საათს რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის, ხელის დაჭერით ის მომხმარებლებს ეუბნება დროსა და თარიღს. გარდა ამისა, აქვს მაღვიძარას ფუნქციაც. საათის მეორე კომპონენტი კი არის -  შეხებით დროის გაგება. კერძოდ, საათს აქვს ლუქი, რომელიც ეხსნება და უსინათლო პირს შეუძლია ხელის შეხებით გაიგოს დრო“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“accessAT-ის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.

გამოგვყევით