გუშინ, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიშები განახორციელეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ოპერაციის მიზანი უსაფრთხოების რისკების შემცირებაა. ირანმა საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რამაც რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
დაძაბულობის ზრდამ განსაკუთრებით იმოქმედა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე, რის გამოც ბაზრებზე ესკალაციის შიშები გაძლიერდა.
ნავთობი — მთავარი რისკ-ფაქტორი
ნავთობი ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური რისკების მთავარი ინდიკატორია. ირანი მნიშვნელოვანი ნავთობის მწარმოებელია და აკონტროლებს სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% გადის. კონფლიქტის გაღრმავებამ შესაძლოა შეაფერხოს მიწოდება და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს.
პარასკევს Brent-ის ფასი ბარელზე დაახლოებით 73 დოლარს შეადგენდა, რაც წლის დასაწყისიდან დაახლოებით 20%-იანი ზრდაა. სავაჭრო წყაროების ცნობით, რამდენიმე მსხვილი ნავთობკომპანია და ტრედინგ-ჰაუსი უკვე აფერხებს ჰორმუზის სრუტით გადაზიდვებს.
Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, შეზღუდული კონფლიქტის შემთხვევაშიც Brent-ის ფასი შესაძლოა 80 დოლარამდე გაიზარდოს. გრძელვადიანი და მიწოდებაზე დამაზიანებელი დაპირისპირების შემთხვევაში კი ფასმა 100 დოლარსაც შეიძლება მიაღწიოს, რაც გლობალურ ინფლაციას დამატებით 0.6–0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდის.
ბაზრების ვოლატილობა
კონფლიქტი სავარაუდოდ გაზრდის ვოლატილობას გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, რომლებიც უკვე მერყეობენ გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური ფაქტორების გამო. ვოლატილობის ინდექსი (VIX) წელს უკვე რამდენჯერმე გაიზარდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე რყევები გაძლიერდა. ვალუტის ბაზარზეც მოსალოდნელია რეაქცია. ანალიტიკოსების შეფასებით, დოლარის დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მასშტაბზე.
უსაფრთხო აქტივები
გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე ინვესტორები ტრადიციულად უსაფრთხო აქტივებისკენ გადაინაცვლებენ:
ოქრო — რომელიც უკვე ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოს ივაჭრება; აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები; შვეიცარიული ფრანკი. ბიტკოინი, რომელიც ხშირად ალტერნატიულ უსაფრთხო აქტივად მოიაზრებოდა, ბოლო პერიოდში მაღალი ვოლატილობით გამოირჩევა და მკვეთრ მერყეობას განიცდის.
ახლო აღმოსავლეთის ბაზრები — პირველი სიგნალი
კვირის დასაწყისში საუდის არაბეთისა და კატარის საფონდო ბირჟები ინვესტორთა განწყობის პირველ ინდიკატორად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ბაზრები ნავთობის ფასებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დაპირისპირების ესკალაციამ შესაძლოა კაპიტალის გადინება და აქციების ფასების შემცირება გამოიწვიოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, დაძაბულობის გაგრძელების შემთხვევაში რეგიონულ ბაზრებზე 3–5%-იანი კორექციაც არ არის გამორიცხული.