2026 წლის იანვარში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 1.4 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ცნობით, ზრდა განპირობებული იყო შედარებით ცივი ამინდით, დიდთოვლობით და ენერგოინტენსიური ინდუსტრიების გააქტიურებით, განსაკუთრებით ფეროშენადნობების წარმოებასა და მონაცემთა დამუშავების სექტორში.
ამავე პერიოდში ადგილობრივი გენერაცია წლიურად 1.5%-ით შემცირდა და 0.9 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან, ჰიდროგენერაცია მთლიანობაში 3.3%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ენგურ-ვარდნილის გამომუშავება წინა წლის დაბალი ბაზიდან 85.0%-ით გაიზარდა; სხვა ჰიდროსადგურების გენერაცია შემცირდა. ამასთან, თბოსადგურების გამომუშავება მცირედით გაიზარდა (+1.3% წ/წ), თუმცა ვერ დააკომპენსირა ჰიდროგენერაციის შემცირება. ახლად ამოქმედებული მზის სადგურების წილი ჯამური გენერაციის მხოლოდ 0.1% იყო.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მოთხოვნასა და ადგილობრივ გენერაციას შორის გაზრდილმა დეფიციტმა იმპორტის მკვეთრი ზრდა განაპირობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზამთრის პერიოდში სისტემის მოწყვლადობას.