logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

კახა კალაძე: "ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარიზის სააპელაციოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე $400 მლნ-ის გადახდის აღსრულების შეჩერების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.

„ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში. საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ, ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.

„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ

გამოგვყევით