logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მოკლე ვადაში, დეტოქსის პროგრამებიდან მიღებული გლობალური შემოსავლები $100 მლრდ-ს მიაღწევს"

„დეტოქსი - ეს არის ადამიანის ორგანიზმიდან უცხო სხეულის გამოყვანის პროცესი, ანუ ორგანიზმის გათავისუფლება ინტოქსიკაციისგან და ამ პროცედურაზე მოთხოვნა, მთელ მსოფლიოში, წლიდან წლამდე მზარდია“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა, მიხეილ ქოჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეტოქსის პროგრამები იძლევა გაახალგაზრდავების ეფექტს, ხსნის სტრესებს, ადამიანის ორგანიზმში ზრდის ენერგიასა და შემართებას, ამასთან აქვს წონაში კლების ეფექტიც.

„ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს დეტოქსი არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროდუქტი ველნეს ტურიზმისთვის. შედეგად, მზარდია დეტოქსის პროგრამებიდან მიღებული გლობალური შემოსავლებიც. ბოლო მონაცემებით, წელიწადში დეტოქსპროგრამების ბრუნვა 65-70 მილიარდ დოლარს შეადგენს და ეს მონაცემი, ყოველწლიურად 10-დან 12%-ის ფარგლებში იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მოკლე ვადაში, დეტოქსის პროგრამებიდან მიღებული გლობალური შემოსავლები 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს“, - განმარტა მიხეილ ქოჩიაშვილმა.

მისივე თქმით, დეტოქსის პროგრამები საქართველოში ნელი ტემპით, თუმცა მაინც ვითარდება და მასზე ცნობადობაც იზრდება.

„ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ განავითაროს როგორც დეტქოსის მიმართულება, ისე ველნეს ტურიზმის სხვა პროდუქტები. ამას ხელს უწყობს ჩვენი გეოგრაფია, კლიმატური მრავალფეროვნება, საკვების ნაირსახეობები, სამკურნალო წყლები და მცენარეები“, - აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა, საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის, ქართველი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დეტოქსის პროგრამებით სარგებლობენ მცირეა, თუმცა, საქართველოში ორგანიზმის გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების მიზნით, სულ უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის.

როგორც ქოჩიაშვილი განმარტავს, დეტოქსის პროგრამების მისაღებად ქართულ კურორტებს უმეტესად - ყაზახეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ასევე ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან სტუმრობენ, როგორებიცაა - შვეიცარია და იტალია.

გამოგვყევით