კომპანია „ფრუტიკა“, რომელიც საქართველოში პირდაპირ ტაილანდიდან, უჩვეულო და ეგზოტიკური ხილის იმპორტს ახორციელებს, გაფართოებას გეგმავს.
საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, რუბრიკა „ბიზნესპარტნიორის“ ფარგლებში, დავით ჩაჩუამ – კომპანია „ფრუტიკას“ დამფუძნებელმა კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც „ფრუტიკას“ დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ტაილანდური ხილის გაყიდვები დღითი დღე მზარდია, რაც კომპანიას გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
„ბაზარზე 2025 წლის სექტემბრიდან ვოპერირებთ და დროის ამ მცირე მონაკვეთში შევძელით ის, რომ თბილისში გაყიდვების უკვე ორი წერტილი გვაქვს - ერთი ჰუალინგში, მეორე კი - ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე. ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ეგზოტიკური ხილის დაგემოვნებითა და შეძენით... აქედან გამომდინარე, ვაპირებთ გავაფართოოთ ასორტიმენტი და ხილის გარდა, ტაილანდიდან იქაური დესერტების და სასმელების იმპორტიც დავიწყოთ. ვგეგმავ ხილის იმპორტის დაწყებას აფრიკის კონტინენტიდანაც. გარდა ამისა, განვიხილავ სარეალიზაციო ობიექტის გახსნას ბათუმშიც“, - განმარტა დავით ჩაჩუამ – კომპანია „ფრუტიკას“ დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ამჟამად, „ფრუტიკა“ მომხმარებელს, 20-ზე მეტი სახეობის ტაილანდურ ხილს სთავაზობს.
„ჩემი კომპანიის დაარსების ისტორია ძალიან საინტერესოდ იწყება - პირველად, სამოგზაუროდ როცა ჩავედი ტაილანდში, გავსინჯე იქაური სამეფო მანგო და ძალიან მომეწონა. აბსოლუტურად განსხვავებული გემო ჰქონდა იმისგან, რაც ჩვენს მარკეტებში იყიდება. საქართველოში ჩავატარე ბაზრის მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩვენთან წარმოდგენილი მანგო არ იყო ტაილანდური. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მე თვითონ დამეწყო ტაილანდური სამეფო მანგოს და კიდევ, 3 სხვა სახეობის ხილის იმპორტი. პირველად რომ ჩამოვიტანე ეს პროდუქტი, გადავიღე ვიდეო და დავდე სოციალურ ქსელში. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ვიდეოს, მივხვდი, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა. ამჟამად, მყავს ბიზნესპარტნიორი ტაილანდში, რომელიც საჰაერო გზით, უმაღლესი ხარისხის ხილს ყოველ კვირა მიგზავნის და თუ რამდენიმე თვის წინ, მხოლოდ 4 სახეობის ხილი ჩამომქონდა, ახლა უკვე 20-ზე მეტი სახეობა მაქვს“, - აღნიშნა კომპანია „ფრუტიკას“ დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, „ფრუტიკა“ მომხმარებელს დაჭრილი ხილის ყუთებსაც სთავაზობს, სადაც 6-7 სახეობის ტაილანდური ხილია მოთავსებული და მისი შეძენა 30 ლარადაა შესაძლებელი.
დავით ჩაჩუას თქმით, ამჟამად, ქართულ ბაზარზე, ტაილანდური ხილიდან, ყველაზე მოთხოვნადი სამეფო მანგოა, თუმცა, თავისი მყიდველი ჰყავს ისეთ ძვირად ღირებულ ხილსაც კი, როგორიც დურიანია და რომლის 1 კილოგრამიც 300 ლარამდე ღირს.