უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა სამშენებლო სექტორში შესრულებულ სამუშაოს გააძვირებს, - ამის შესახებ კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია სამუშაო ძალის დეფიციტს არ გამოიწვევს.
"ჩვენს კომპანიაში ძალიან ცოტა უცხოელია დასაქმებული, თუმცა ზოგადად სამშენებლო სექტორში ძალიან ბევრია. აღნიშნული გადაწყვეტილება მუშახელის დეფიციტს არ გამოიწვევს, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება გაძვირდება. ამას გამოიწვევს ის, რომ თითოეულ დასაქმებულს იურისტმა უნდა სდიოს, რომ გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები, შემდეგ ზოგთან გამოვა და ზოგთან არ გამოვა და მეტი დაიხარჯება რა თქმა უნდა. რატომ ჩამოგვყავს უცხოელი მუშახელი?! არა მარტო იმიტომ, რომ უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ აქ თითქოს უმუშევრობაა, მაგრამ ბევრს მუშაობა საერთოდ არ უნდა და ეს საკითხი სხვა დონეზეა გადასაწყვეტი.
ხალხს ურჩევია სოციალური დახმარება მიიღოს და სახლში იჯდეს, ვიდრე იმუშაოს, რაც ტრაგედიაა. შესაბამისად, საკითხი კომპლექსურია. ქვეყანაში, სადაც 3 მლნ 700 000 ათასი კაცი ცხოვრობს, არ შეიძლება 700 000 ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებდეს - ეს არის ტრაგედია", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
ცნობისთვის, 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 1-ელი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.