საქართველოს ბაზარზე ცნობიერების ნაკლებობა კვლავ გამოწვევად რჩება - ბევრს ჰგონია, რომ გაზრდილი კალმახი ორაგულია, რაც მცდარი წარმოდგენაა, - ამის შესახებ კომპანია „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების შეფასებისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები კალმახს და ზოგადად, ყველა თევზს, რომელსაც წითელი ხორცი აქვს ორაგულს ეძახიან.
"ორაგული არის ორაგული და სხვა წითელ ხორციან თევზთან კავშირი არ აქვს. განსხვავდება როგორც ხარისხი, ისე გემოვნური თვისებები. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი არის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საქართველოში თითქმის ყველას ჰგონია, რომ კალმახი, როდესაც იზრდება ორაგული ხდება - რაც არასწორია. პრობლემა არის დაბალი ცნობიერება და არა კონტროლი. სახელმწიფოს მხრიდან შემოწმება ჩვენთანაც ხშირად ხდება და შესაბამისად, ამ კუთხით ხარვეზებს ვერ ვხედავ.
ჩვენ მოგეხსენებათ, რომ თევზის ლაბორატორიის გახსნას ვგეგმავდით, თუმცა კვალიფიციური კადრის დეფიციტის გამო, ეს პროექტი გადაიდო და ჯერჯერობით არ ვიცით, აღნიშნულზე მუშაობას როდის განვაახლებთ. საქართველოში ამ სფეროში ლაბორატორიებს არ უმუშავია და შესაბამისად, გამოცდილებაც არ არის“, - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები მზარდია, რადგან მათი პროდუქცია მოწონებას იმსახურებს როგორც რესტორატორების, ისე მომხმარებლების მხრიდან.
შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.