logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზაზა ლომინაძე: ხელისუფლება არ ერევა ფასწარმოქმნაში

„ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არ ერევა რაიმე ბიზნესში და ფასწარმოქმნაში, ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი“, - ამის შესახებ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ „ბიზნესპარტნიორის“  ღამის ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ბიზნესს სრული უფლება აქვს შემოიტანოს და დაარეგისტრიროს ნებისმიერი მედიკამენტი და ფარმაცევტულ კომპანიებს არ აქვთ შეზღუდვა ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებსა თუ სხვა პარაფარმაციაზე - აქ ნებისმიერი მარჟა დასაშვებია, თუმცა ეს არ ეხება პირველადი მოთხოვნის მედიკამენტებს.

ამასთან, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ბიზნესის განვითარებისთვის მოგებაზე გასვლა აუცილებელია, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმ რეალობას, რომელიც რეფერენტული ფასების დაწესებამდე იდგა. 

როდესაც ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ, როგორი იყო 2023, 2024, 2025 წელი - იქ 31%-იანი მოგებებიც იყო. (თუმცა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კომისიაზე განაცხადეს, რომ საბოლოო წლიური მოგება 3.8%-ი იყო), თუმცა, ეს არის მოგება, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის, კომპანიების მომავლისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით მათ ნებისმიერ მცდელობას გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ იყოს მედიკამენტის დეფიციტი და მათ ნებისმიერი მედიკამენტი შემოიტანონ, დაარეგისტრირონ და გაიტანონ საცალო რეალიზაციაში. მაგრამ, იმ არნახულ მოგებებს, რომელიც ჰქონდა ზოგიერთ მედიკამენტს მანამ, სანამ დავაწესებდით რეფერენტულ ფასს - ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

გამოგვყევით