დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობის ფარგლებში რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა. მათ შორის: ხორვატიის, უნგრეთის, საფრანგეთის სერბეთის, საბერძნეთის.
“საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია მათთვისაც მტკივნეული იყო. ჩვენ ვნახეთ ამ ბაზრებზე არსებული ვითარება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის დანერგვის შემთხვევაში ხელშესახებ შედეგს მივიღებთ,”-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, კომისია ორი თვის განმავლობაში ბაზარზე საველე კვლევებს აწარმოებდა.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი - არსებობს დახლის ფასი და მეორე - ბაზარი მუშაობს ფასდაკლებებზე. ეს ფასდაკლებები ქსელიდან ქსელში მოძრაობს. ბაზრის სტრუქტურაა ასეთი. მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაც იყიდება კონკრეტული პროდუქტი. ტენდენციაა ასეთია, რომ საბაზისო ფასით იყიდება 20- 25 %. 75-80% იყიდება ან ღრმა ფასდაკლებით ან შოკური ფასდაკლებით. შესაბამისად, საშუალო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე პირველადი ფასი. ჩვენი ბაზარი ამ მოდელზე მუშაობს, ამას ფასდაკლების მოდელი ჰქვია. ჩვენი მიდგომაა, რომ ამ ბაზრის სტუქტურიდან გამომდინარე, საუკეთესო მოდელი მივიღოთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა,”-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საკონსულტაციო კომპანიის დაქირავებაც განიხილებოდა, თუმცა ადგილობრივ კომპანიებთან ინტერესთა კონფლიქტის გამო, ეს ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.