logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ADB: გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება

ADB: გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.5%-ით გაიზრდება

1775809365

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდება მომსახურების სექტორის შენელებისა და სუსტი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა ზრდა კიდევ უფრო შეანელოს.

ADB-ის მთავარი წლიური ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების პროგნოზი 2026-ის აპრილის ანგარიში ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო. მოსალოდნელია, რომ 2027 წელს ზრდა კიდევ უფრო შემცირდება და 5.2%-ს მიაღწევს, შიდა მოხმარების შენელების ფონზე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შემოსული მიგრანტების შემცირებული წვლილის შედეგი იქნება. პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა.

„გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7.5%-იანი ზრდა აჩვენა,“ — განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას,"-აღნიშნულია დოკუმენტში. 

2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2.0%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება.

ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.

2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლებ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მოსალოდნელია მისი გაფართოება ექსპორტის ზრდის შენელების ფონზე. გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მომსახურების ექსპორტის ზრდა 2026 წელს 6.8%-მდე შემცირდება, თუმცა 2027 წელს 7.2%-მდე გაიზრდება, ტრანსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობით. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ადრეული სტაბილიზაციის სცენარის ფარგლებში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდება ან შეფერხებები გაგრძელდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის. გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად, ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს კოორდინირებული პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯები დარჩენილი ინფრასტრუქტურული და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ლოგისტიკას გააჩნია ძლიერი პოტენციალი ინტეგრაციის მხარდასაჭერად — ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების შექმნის გზით. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. პარტნიორების მხრიდან ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე მიმწოდებელთა ქსელების გასაძლიერებლად და ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. გაწევრიანებიდან დღემდე ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს $6 მილიარდამდე ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გამოგვყევით