logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ურთიერთობები გარკვეულ ჩარჩოში ჩავსვათ" - შოთა ბერეკაშვილი

„უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს, განსაკუთრებით ისეთ ქსელებს,  რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე და ფასწარმოქმნაზე.“- ამის შესახებ  “ბიზნესპარტნიორის”  ღამის ეთერში სტუმრობისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას აქვს საშუალოვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც რითეილ სექტორი უნდა გაჯანსაღდეს.

“ფასწარმოქმნის ჯაჭვში  როგორ ხდება ფასმნამატი და როგორ ფორმირება საბოლოო ფასი - ეს იყო ჩვენი შესწავლის საგანი, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოვლინდა. ადგილობრივი წარმოების ნაწილში 5 მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. მწარმოებლების ასმა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მეტწილად დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულზე. საოპერაციო ნაწილში ყველამ აღნიშნა, რომ ხარჯები მაღალია, განსაკუთრებით მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით. ასევე  ასიმეტრიული ურთიერთობები არსებობს. ეს კი აძვირებს კონკრეტულ პროდუქტს. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ისიც, რომ  სამუშაო კაპიტალის და ლიკვიდურობის პრობლემა აქვთ მწარმოებლებს, ამასთან მათთვის კაპიტალი არის ძალიან ძვირი,“-აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, იმპორტიორებისა და  და დისტრიბუტორებისთვის კაპიტალზე წვდომა უფრო ადვილია. თუმცა, მათთვის უფრო მეტი მნიშვნელობა პროდუქციის მრავალფეროვნებას აქვს.

„თუმცა აქაც გვქონდა შემთხვევები, როცა გადახდის პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდებოდა. ეს აისახება კონკრეტული პროდუქტის ღირებულებაში. რომ შევაჯამოთ, გვაქვს სიტუაცია რომ სექტორში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მონიტორინგს. ფასწარმოქმნის ჯაჭვში  ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არის საცალო ქსელები. მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ურთიერთობები გარკვეულ ჩარჩოში ჩავსვათ. გადახდის სტანდარტები შემოვიღოთ. ეს კომერციული ურთიერთობები ევროპის ბევრ ქვეყანაში არის სტანდარტიზებული. უნდა გავხადოთ ურთიერთობები გამჭირვალე და პროგნოზირებადი,“-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე განმარტებით, სექტორის გამჭვირვალობა გააუმჯობესებს ბიზნეს პროცესებს. კომერციული ჩარჩოს შექმნა კი სექტორს გახდის კონკურენტუნარიანს,  რაც აისახება საუკეთესო ფასის ფორმირებაში.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით,  ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ კომისიამ 60-ზე მეტი კომპანია შეისწავლა.

“ჩვენ შევისწავლეთ მათი საოპერაციო ხარჯები, ფინანსური ხარჯები, კაპიტალის სტრუქტურა და მათი როლი საკვებპროდუქტებზე ფასწარმოქმნის ჯაჭვში. ამ კომპანიების  მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მწარმოებლები, იმპორტიორები, საცალო ქსელები, დისტრიბუტორები. მათი  ფასწარმოქმნის ჯაჭვი ქმნის საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი იხდის. დღეისათვის ფასწარმოქმნაზე მნიშვნელოვან გავლენას გლობალური ფასები ახდენს. იქიდან გამომდინარე რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა საქართველო. ბოლო პერიოდში განვთარებული მოვლენები დიდ გავლენას ახდენს საკვებ პროდუქტებზე მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში,"-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა. 

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

გამოგვყევით