სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება - აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების 10%-მდე ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ მეფრინველეობის კომპანია "კოდას" დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია სააღდგომო დღეებში ქართულ ბაზარს უპრობლემოდ მოემსახურება და დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგადად საქართველოში კვერცხზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა წინა წელს სააღდგომო პერიოდში 20%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო წელს 10%-იანი. ანუ ზოგად ჭრილში გაზრდილია მოთხოვნა, თუმცა კონკრეტულ პერიოდში, შარშან უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა. ვერ გეტყვით რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს, თუმცა შესაძლოა ეს კონკურენციითაც იყოს განპირობებული.
არანაირი დეფიციტი ბაზარზე არ შეიმჩნევა და ყველა მომხმარებელს ვემსახურებით და კონტრაქტებს ვასრულებთ უპრობლემოდ", - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
ცნობისთვის, მეფრინველეობის კომპანია "კოდას" წლიური წარმადობა დაახლოებით, 106 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.