logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ყველაზე მაღალი მოგების მარჟა მაინც იმპორტიორ-დისტრიბუციის ნაწილშია"- შოთა ბერეკაშვილი

„პირდაპირ ვიტყვი, რაც ჩვენ შევისწავლეთ ყველაზე მაღალი მოგების მარჟა მაინც იმპორტიორ-დისტრიბუციის ნაწილშია.“ - ამის შესახებ  “ბიზნესპარტნიორის”  ღამის ეთერში სტუმრობისას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, ადგილობრივი წარმოება  ყველაზე რთულ სიტუაციაშია.

„ადგილობრივ მწარმოებელს უწევთ კონკურენცია გაუწიონ იმპორტსაც, ამასთან მათ დანაკარგებიც მაღალი აქვთ, ბრუნვის 4-6 %-საც კი აღწევს. შესაბამისად, მათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. ქსელურ მარკეტებს რაც შეეხებათ, საუბარია ისეთ ქსელებზე,  რომლებიც ორგანიზებული ბაზრის 70%-ს ფლობენ - მათი წმინდა მოგება 1.5 - 3.5%-ის ფარგლებშია, ეს სექტორის მარჟებთან ახლოსაა და აქ  ვერ ვიტყვით, რომ რამე ზებუნებრივი მოგებები აქვთ,“-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების გაციფრულება.

„ფინანსური დისციპლინა აუცილებელია იმისთვის რომ ჯაჭვის ქვედა რგოლში არ მოხდეს დამატებითი ხარჯების დაგროვება. თორემ ეს საბოლოო ჯამში  მომხმარებელზე აისახება და ისევ მომხმარებელი იხდის ამ ხარჯს.

ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების გაციფრულება. ისევე როგორც ფარმაცევტულ ბიზნესშია. მათ სრული წვდომა აქვთ პროდუქციის ბრუნვებზე, ნაშთებზე და ა.შ.  რაც უფრო მეტი ფინანსური დისციპლინა გვექნება, ეს თავისთავად აისახება კონკურენციის გაჯანსაღებაზე.  ის დამატებითი ხარჯი,  რაც სექტორში იქმნება, აღარ გვექნება,“-აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

გამოგვყევით