სტარტაპმა, Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ია ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ ინვესტიციას Helio AI გლობალურ ბაზრებზე გაფართოებისთვის გამოიყენებს.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში, Helio AI წარმატებით ოპერირებს ისეთ ბაზრებზე როგორიც არის - საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, უნგრეთი, ლიეტუვა და სლოვენია. აღნიშნულ ჩამონათვალს კი, სავარაუდოდ, რუმინეთი და ბულგარეთი დაემატება.
"Helio AI არის AI რეკრუტინგის აგენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და გემიფიკაციის გამოყენებით, კომპანიებს შერჩევის პროცესების ავტომატიზიციაში ეხმარება. იმ ამოცანების დაახლოებით, 70%, რასაც აქამდე რეკრუტერები ხელით აკეთებდნენ, Helio AI აკეთებს. საბოლოო ჯამში პროდუქტი შექმნილია იმისთვის, რომ კომპანიებისთვის რეკრუტირება უფრო მეტად სწრაფი და მარტივი იყოს. Helio AI უკვე 2 წელია, რაც ბაზარზეა და დღეის მონაცემებით, 7 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს. ყველაზე მეტი მომხმარებელი დღეს საქართველოშია, თუმცა სხვა ბაზრებიც მზარდია", - აცხადებს ია ჯიქია.
მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში კომპანიებში კიდევ უფრო გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი, რაც მოთხოვნას მათ პროდუქტზეც გაზრდის.
ცნობისთვის, $1-მილიონიანი ინვესტიცია სტარტაპმა Seed Round-ში საერთაშორისო ფონდებისგან, SABAH.fund-ის ხელმძღვანელობით, DOMiNO Ventures, Axiom, Tetrad VC-ის და ანგელოზი ინვესტორის, Bas Godska-ს მონაწილეობით მიიღო. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ ჰელიოს Pre-Seed რაუნდში მონაწილეობდნენ ანგელოზი ინვესტორი, თეიმურაზ ჯაში, საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი - აქსელი და 500 Global in Eurasia, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჰელიოს მიერ ტექნოლოგიის განვითარებასა და ზრდაში.